Narkozi.com » დაავადებები » ნევროპათოლოგია » რა არის ვარიკოზი?

რა არის ვარიკოზი?

  ავტორი: Basher | თარიღი: 5 January 2009  | ნანახია: 86577 

რა არის ვარიკოზი?ვენების ვარიკოზული გაფართოება ძალზედ გავრცელებული დაავადებაა. დღეისათვის ეს დაავადება აღენიშნება ყოველ მესამე ქალს და მეათე მამაკაცს და რაც მთავარია, ეს არის ძირითადად 40 წლამდე ასაკის შრომისუნარიანი ადამიანები.
ვენების ვარიკოზული გაფართოების დროს ზიანდება სხვადასხვა ორგანოების ვენები შესაბამისად, დაზიანებული სიხლძარღვების ადგილმდებარეობის მიხედვით დაავადებას სხვადასხვა გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს. ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება, ბუასილი, ვარიკოცელე და კუჭისა და საყლაპავის ვენების გაგანიერება - პრაქტიკულად ერთი და იგივე დაავადებაა, მაგრამ ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაფართოება.
ვენები სისხლძარღვებია, რომლებითაც სისხლი მიედინება გულისაკენ. სისხლის დინება ხდება ქვედა კიდურების ვენებში ქვევიდან ზევით, ანუ დედამიწის მიზიდულობის ძალის საწინააღმდეგოდ. ეს ხდება რამდენიმე მექანიზმის წყალობით: არტერიებიდან სისხლის ჭავლის გადმოსროლით (უმნიშვნელო როლი), ქვედა კიდურების კუნთების შეკუმშვით (მოქმედებს, როგორც დგუში) და ვენებში არსებული სარქველების მუშაობით, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის ზევიდან ქვევით დინებას. სწორედ ამ სარქველების გაუმართავი მუშაობა იწვევს ვენური სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, რაც საბოლოოდ იწვევს ვენების კედლის ზედმეტად გაჭიმვას. ამის შედეგად სისხლის დინება ხდება ქაოსური, სისხლი გუბდება ქვედა კიდურების ვენებში, განსაკუთრებით კანქვეშა ვენებში, წნევა მათში იმდენად იზრდება, რომ სისხლძარღვების კედლები ვეღარ უძლებს და ბუშტის მსგავსად იწყებს გაბერვას.
ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მაინც გრავიტაციის ძალაა. ვენების დაავადება, ეს არის ადამიანების ”გადასახადი” ვერტიკალური (ფეხზე მდგარი) ცხოვრების წესის გამო. შესაბამისად, დაავადების განვითარების ყველაზე მეტი რისკი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პროფესიების გამო (ექიმები, გამყიდველები, დალაქები და სხვ.) დიდხანს უწევთ ფეხზე დგომა.
ვენური სარქველების დაზიანების სხვა მნიშვნელოვანი მიზეზი არის მუცლის ღრუში წნევის მომატება. ეს ხდება სიმძიმეების აწევის, ხველების, ცემინების, ქრონიკული შეკრულობის გამო.
ქალებში ვარიკოზული დაავადება შეიძლება განვითარდეს ორსულობის დროს, როდესაც თანდათანობით ძლიერდება მზარდი საშვილოსნოს ზეწოლა მუცლის ღრუს ვენებზე, რაც თავის მხრივ აძნელებს სისხლის გადინებას ქვედა კიდურების ვენებიდან. გარდა ამისა, ვენების დაავადება დაკავშირებულია ქალებში ჰორმონალური ფონის შეცვლასთან ორსულობის პერიოდში და ასევე არასწორად შერჩეული ჰორმონალური კონტრაცეპციის წყალობით.
და ბოლოს, ვენების ნორმალური მუშაობა ირღვევა ხანდაზმული ასაკის ადამინებში, რაც სავსებით კანონზომიერია.

რა სიპტომები ახასიათებს ვარიკოზულ დაავადებას

ვენების დაავადების პირველი ნიშანი ეს არის არის დღის ბოლოს ფეხების შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება და კანჭებში წვის შეგრძნება ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ. ვარიკოზული დაავადებისათვის დამახასიათებელია ამ სიმპტომების გაქრობა ან შემცირება სიარულის ან ძილის შემდეგ.
მოგვიანებით ჩნდება ტკივილი წვივის მიდამოში, სიმხურვალის შეგრძნება და ღამის საათებში განვითარებული კრუნჩხვები კანჭის კუნთებში. გარდა ამისა, ქვედა კიდურებზე ჩნდება წვრილი მოლურჯო-მოწითალო ფერის სისხლძარღვოვანი ”ვარსკვლავები”, და ბოლოს, ფართოვდება კანქვეშა ვენები, რომლებიც ემსგავსებიან გადამწიფებული წითელი ყურძნის მტევნებს.
შორსწასულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თრომბოფლებიტი (ვარიკოზული ვენების ანთება), ტროფიკული წყლულები ან ეგზემა დაზიანებულ მიდამოში.

როგორ ავირჩიოთ სწორად ფეხსაცმელი?

ჩვეულებრივ, ფეხსაცმლის არჩევისას ძირითადად ხდება ყურადღების გამახვილება მის გარეგნულ მხარეზე, მოდურობაზე, რაც არასწორია. ამ საკითხს ბევრად უფრო მეტი სეროზულობით უნდა მივუდგეთ, ვინაიდან ფეხსაცმლის ხარისხზე და სტილზე დამოკიდებულია ჩვენი ჯანმრთელობა. ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალურია ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების დროს. ამ შემთხვევაში, ერთის მხრივ, სჯობს არ გავწიოთ ეკონომია და მეორეს მხრივ, უარი ვთქვათ ლამაზ, მაგრამ მოუხერხებელ ფეხსაცმელზე. აი რამდენიმე რჩევა:
• არ შეიძინოთ ახალი ფეხსაცმელი დილით: საღამოსათვის ქვედა კიდურები ხსირად შუპდება და ფეხსაცმელი შეიძლება ვიწრო აღმოჩნდეს;
• ფეხსაცმელი უნდა იყოს ზუსტად თქვენი ზომა, მაგრამ არ უნდა იყოს ძალიან მჭიდრო, ვინაიდან ამ შემთხვევაში უარესდება სისხლის მიმოქცევა. სასარგებლო არც ზედმეტად თავისუფალი ფეხსაცმელია - ის ხელს უწყობს კოჟრების გაჩენას, ქვედა კიდურების კუნთები კი მუდმივად დაძაბულია;
• აირჩიეთ რბილი, მოქნილძირიანი ფეხსაცმელი, რომელიც ხელით უნდა იღუნებოდეს, ტყავი კი ძალიან არ უნდა განიცდიდეს დეფორმაციას. არასასურველია ძალიან თხელძირიანი ფეხსაცმელი;
• ყოველდღიურ ფეხსაცმელს, უმჯობესია, ქონდეს დაბალი (არაუმეტეს 2-4 სმ) და განიერი ქუსლი. მაღალი და წვრილი ქუსლი მავნეა, როგორც ტერფის წინა, ასევე შუა და უკანა ნაწილისათვის. ასეთ ფეხსაცმელში ტერფზე დატვირთვა არაფიზიოლოგიურად ნაწილდება - ადამიანს უწევს ”ფეხის წვერებზე” სიარული. გარდა ტერფის რესორული ფუნქციის მოშლისა, ამ შემთხვევაში, თითოეული ნაბიჯის დროს დიდი დარტყმა ადგება ხერხემალსაც. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უმჯობესია, გამოსასვლელად ვიხმაროთ. ყოველდღიური მოხმარებისათვის არასასურველია ასევე სქელი პლატფორმის ძირის მქონე ფეხსაცმელიც. კანჭის კუნთების გადაღლა ამ შემთხვევაშიც გარანტირებულია. გარდა ამისა, წვრილქუსლიანი ან პლატფორმის ძირის მქონე ფეხსაცმელი სახიფათოა მანქანის ტარების შემთხვევაშიც;
• ყოველდღიურ ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს სუპინატორი - მუდმივი ან ჩასაფენი ღაბაში ან ნახევარღაბაში, რომელიც იცავს ფეხს ბრტყელტერფიანობისაგან;
• ნებისმიერი სეზონისათვის უმჯობესია ნატურალური მასალებისაგან შეკერილი ფეხსაცმელი. ასეთის შეძენის შეუძლებლობის შემთხვევაში, ეცადეთ შიგნითა პირი მაინც იყოს ბუნებრივი მასალისაგან (ტყავი ან ქსოვილი) დამზადებული;
• საზაფხულო ფეხსაცმლის შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ სიცხეში ტერფი შედარებით ფართოვდება. ყოველდღიურად სასურველია ღია ფეხსაცმლის ტარება. ლაკისაგან შეკერილი ფეხსაცმელი ცუდად ატარებს სინოტივესა და ჰაერს, ამიტომ ის უმჯობესია საზეიმო ვითარებისათვის შევინახოთ;
• საგაზაფხულო და საშემოდგომო ფეხსაცმელი არ უნდა ატარებდეს წყალს, მაგრამ უნდა ”სუნთქავდეს”. განსხვავებით საზაფხულო ფეხსაცმელისაგან, თხელი ნახევარჩექმა ფეხზე ძალიან მჭიდროდ არ უნდა იყოს;
• ზამთრის სეზონის ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს, სქელი ძირი, სასურველია არ იყოს დამზადებული პლასტიკისაგან, იყოს რეზინის და ქონდეს სპეციალური პროტექტორები, რაც დაგვიცავს დაცურებისაგან. შიდა პირი და ჩასაფენი -უმჯობესია იყოს ნატურალური ბეწვისაგან დამზადებული;
• განსაკუთრებულ მოთხოვნებია ბავშვის ფეხსაცმლის შერჩევისას. 4-5 წლის ასაკამდე ბავშვის ფეხსაცმელს სასურველია ქონდეს საკმაოდ მაგარი ზედა ნაწილი და მყარი, ზომიერად დაკლაკნილი ძირი, რომელიც მჭიდროდ დააფიქსირებს ქუსლს და კოჭ-წვივის სახსარს. ქუსლის მიდამო შედარებით რბილი უნდა იყოს, ფეხსაცმლის წვერი კი შედარებით ფართე. ბრტყელტერფიანობის პროფილაქტიკისათვის, ბავშვის ფეხსაცმელს აუცილებლად უნდა ქონდეს სუპინატორი.
• ასეთივე პრინციპით უნდა შეირჩეს სპორტული ფეხსაცმელიც. ის უნდა შეეფერებოდეს სპორტის არჩეულ სახეობას და ფეხს უნდა იცავდეს ტრავმებისაგან. უნდა იყოს კომფორტული, მსუბუქი, მჭიდრო ქუსლით და რბილი, დრეკადი ძირით. საუკეთესოა ნატურალური ტყავისაგან დამზადებული ბოტასები, რომელსაც ექნება ამოსაღები ღაბაში, რაც შესაძლებელს ხდის მის გარეცხვას და განიავებას. ზომის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ფეხი ვარჯიშის დროს ფართოვდება.

ვარიკოზული დაავადების პროფილაქტიკა

ვარიკოზის პროფილაქტიკის მიზნით ეფექტურია მთელი რიგი მარტივი პრევენციული ღონისძიებების შესრულება:
• ეცადეთ, თავი აარიდოთ სითბურ დატვირთვას და გადახურებას, ისეთ პროცედურებს, როგორიცაა ცხელი შხაპი, აბაზანა, საუნა;
• არ შეიძლება დიდხანს ჯდომა, განსაკუთრებით, ფეხი-ფეხზე გადადებულ მდგომარეობაში; მჯდომარე პროფესიის ადამიანებისათვის სასარგებლოა სამსახურში ყოველ 40-50 წთ-ში ფეხზე ადგომა, ასევე ოფისის დერეფანში გავლა-გამოვლა ან კიბეებზე ასვლა. ეს გააუმჯობესებს ქვედა კიდურებში სისხლის ცირკულაციას, რათა ვენებში არ მოხდეს სისხლის შეგუბება. სახლში ყოფნისას კარგი იქნება, სკამზე ჯდომისას ქვედა კიდურების სიმაღლეზე შემოწყობა, ანუ ფლებოლოგები მიესალმებიან ე.წ. ”ამერიკული” ჯდომის მანერას.
• ძილის დროს შეეცადეთ, ფეხები სხეულთან შედარებით მაღლა იყოს მოთავსებული.
• იმის გათვალისწინებით, რომ მემკვიდრეობითი დატვირთვის შემდეგ ვარიკოზული დაავადებისათვის ყველაზე დიდი რისკია ორსულობა და მშობიარობა, უმჯობესია მშობიარობა და ნებისმიერი სახის ოპერაცია ჩატარდეს ელასტიური ბანდების ან სპეციალური კომპრესიული ტრიკოტაჟის პირობებში;
• გასათვალისწინებელია თამბაქოს მოხმარებისა და ჭარბი წონის როლი. შესაბამისად, ვარიკოზის პროფილაქტიკა ითვალისწინებს თამბაქოს მოხმარების შეზღუდვას, ასევე წონის კონტროლს.
• არ დაგავიწყდეთ კონტრასტული შხაპის სარგებელის შესახებ - თბილი და გრილი წყლის ჭავლის მონაცვლეობით ხდება ვენების ”ტრენირება”, რაც კარგად ამაგრებს სიხლძარღვების კედლებს და ხელს უწყობს ვარიკოზის პროფილაქტიკას;
• ეცადეთ, ყოველდღიურად არ ატაროთ მჭიდრო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მოკლე ყელწინდები მჭიდრო რეზინით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი;
• ვარიკოზული დაავადების დროს ატარეთ კომპრესიული ტრიკოტაჟი ან ელასტიური ბანდები;
• მკურნალობის პროცესში სასურველია პერიოდულად ხდებოდეს ვენომატონიზებელი პრეპარატების ცვლა;
• მკურნალობის პროცესში დასაშვებია გარკვეული სპორტული აქტივობა, თუმცა საჭიროა ზომიერების დაცვა, განსაკუთრებით ეს ეხება ქვედა კიდურების დატვირთვას; არ შეიძლება გრძელ დისტანციებზე სირბილი, სიმძიმეების აწევა. ყველა სახის დატვირთვა უნდა წარმოებდეს კომპრესიული ტრიოკოტაჟის პირობებში;
• ცალკე აღნიშვნის ღირსია ხანგრძლივი (4 საათი და მეტი) საავიაციო გადაფრენები და ავტობუსით მგზავრობა. ჯანმო-ს მონაცემებით ეს ზრდის ვენური თრომბოემბოლიზმის რისკს. ამის გათვალისწინებით, სპეციალისტები გვთავაზობენ რამოდენიმე ეფექტურ პრევენციულ ქმედებას, მაგ., ტერფების ზემოთ-ქვემოთ მოძრაობით გავარჯიშდება კუნთები და შენარჩუნდება ქვედა კიდურებში სისხლის მოძრაობა. ადამიანებმა ასევე თავი უნდა აარიდონ მოჭერილი ტანსაცმლით მგზავრობას, ვინაიდან მათ შეუძლიათ სისხლის მიმოქცევის შეფერხება. ექსპერტები რისკის მქონე პაციენტებს ურჩევენ სპეციალური წინდების ხმარებას და ასპირინის მიღებას თვითმფრინავით ხანგრძლივი მგზავრობის წინ.
• ფიტოთერაპიის მომხრეები თვლიან, რომ ზოგიერთი ხალხური რეცეპტი თავიდან აგვარიდებს სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების პრობლემას: მაგ. თუ დაჭრით 250გრ ნიორს და დაასხამთ 350გრ თხიერ თაფლს, მიღებულ ნარევს დააყენებთ ორი კვირა, რის შემდეგაც დაიწყებთ მის მიღებას სუფრის კოვზით ჭამამდე 40 წთ-ით ადრე, ორი თვის შემდეგ ვარიკოზის მოვლენები შემცირდება.

და ბოლოს, ვარიკოზული დაავადებისათვის დამახასიათებელი ნებისმიერი ჩივილის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმ-ფლებოლოგს, რომელიც დროულად შეგირჩევთ შესაბამის მკურნალობას, რაც შეანელებს დაავადების შემდგომ პროგრესირებას!



პატივცემულო მომხმარებელო! თქვენ შემოხვედით როგორც არადარეგისტრირებული მომხმარებელი. იმისთვის რომ გახდეთ საიტის სრულუფლებიანი წევრი. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია


 

                                                                                                                                   

გაუგზავნე მეგობარს    ამობეჭდვა       



Information

Members of სტუმარი cannot leave comments.